მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 31 იანვარი, 2026
მოგესალმებით ჩვენი საზოგადოების პაციენტების საინფორმაციო გვერდზე. აქ გაეცნობით თმის მოვლის ზოგად რჩევებს, თმის ცვენის დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებს, მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მნიშვნელობას და იხილავთ ხშირად დასმულ კითხვებს. ასევე, შემოგთავაზებთ სასარგებლო ბმულებს დამატებითი ინფორმაციისთვის.
დღეში რამდენი თმის ცვენა ითვლება ნორმად? საშუალოდ, ადამიანი დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს. თუ ჩამოცვენილი თმის ღერების რაოდენობა აღემატება 150 ღერს, მიმართეთ ექიმს..
რა არის თმის ცვენის ძირითადი მიზეზები? მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის გენეტიკური ფაქტორი, ჰორმონალური ცვლილებები, სტრესი, გარკვეული დაავადებები, მედიკამენტები, არასწორი კვება და სხვა.
შეიძლება თუ არა სტრესმა გამოიწვიოს თმის ცვენა? დიახ, ფიზიკურმა და ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი თმის ცვენა, რომელსაც ტელოგენური თმიც ცვენა ეწოდება.
არის თუ არა თმის ცვენა მემკვიდრეობითი? ზოგიერთი ტიპის თმის ცვენას, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციას, ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან თმის ცვენის სხვადასხვა ტიპი (მაგ., ანდროგენული და ბუდობრივი)?
ანდროგენული ალოპეცია: ეტაპობრივი თმის შეთხელება, მამაკაცებში ხშირად იწყება შუბლის წილიდან და გვირგვინის არიდან, ქალებში კი თხემის მიდამოში.
ბუდობრივი ალოპეცია: ხასიათდება უეცარი, მრგვალი ან ოვალური ფორმის გამელოტებული უბნების გაჩენით სკალპზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე.
როდის უნდა მივმართო ექიმს თმის ცვენის გამო? თუ ამჩნევთ თმის ცვენის უეცარ და ძლიერ ეპიზოდებს, ლოკალურ გამელოტებულ უბნებს, სკალპის ქავილს, ტკივილს ან აქერცვლას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
არსებობს თუ არა რაიმე საშინაო საშუალება თმის ცვენის შესაჩერებლად? ზოგიერთი ბუნებრივი საშუალება (მაგ., როზმარინის ზეთი, ალოე ვერა) შეიძლება დაეხმაროს თმის ღერის გაჯანსაღებას, მაგრამ გამოხატური თმის ცვენის დროს ისინი, როგორც წესი, არ არის საკმარისი.
შეიძლება თუ არა თმის ცვენა იყოს სხვა დაავადების სიმპტომი? დიახ, თმის ცვენა შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, რკინადეფიციტური ანემიის, აუტოიმუნური დაავადებების და სხვა მდგომარეობების სიმპტომი.
არის თუ არა თმის ცვენა განკურნებადი? ზოგიერთი ტიპის თმის ცვენა (მაგ., ტელოგენური თმის ცვენა) დროებითია და შესაძლოა თავისით მკურნალობის გარეშეც შეჩერდეს. ყველა სხვა ტიპის თმის ცვენისთვის არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს თმის ზრდას ან ცვენის შეჩერებას. სრული განკურნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
რამდენ ხანში გამოჩნდება მკურნალობის შედეგი? თმის ზრდა ნელი პროცესია. მკურნალობის შედეგის შესამჩნევად შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
სწორად როგორ დავიბანო თმა? შეარჩიეთ თქვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი შამპუნი, კარგად ააქაფეთ სკალპზე, ნაზად შეიზილეთ და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კონდიციონერი წაისვით თმის სიგრძეზე და ჩამოიბანეთ რამდენიმე წუთის შემდეგ.
რამდენად ხშირად უნდა დავიბანო თმა? ეს დამოკიდებულია თქვენი სკალპის ტიპზე (ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური) და აქტივობის დონეზე. ზოგისთვის საკმარისია კვირაში 2-3-ჯერ, თუმცა მიზანშეწონილია თავის ყოველდღიური დაბანა.
რა ტიპის შამპუნი და კონდიციონერია ჩემთვის შესაფერისი? შეარჩიეთ პროდუქტები თქვენი თმის ტიპისა და არსებული პრობლემების (მაგ., ქერტლი, სიმშრალე) გათვალისწინებით.
შეიძლება თუ არა თმის ხშირმა დავარცხნამ გამოიწვიოს თმის ცვენა? გადაჭარბებულმა და უხეშმა დავარცხნამ შეიძლება დააზიანოს თმა და გამოიწვიოს მტვრევადობა, მაგრამ არა თმის ძირების ცვენა. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ნაზად დაივარცხნეთ თმა.
რამდენად მავნებელია თმის ფენით გაშრობა და უთოთი გასწორება? მაღალი ტემპერატურა აზიანებს თმის სტრუქტურას, იწვევს სიმშრალეს და მტვრევადობას. გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებები და შეეცადეთ შეზღუდოთ მათი გამოყენება.
რა როლი აქვს კვებას თმის ჯანმრთელობაში? ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს თმის ზრდისთვის საჭირო ნუტრიენტებს, რაც თმას ხდის ძლიერსა და ჯანმრთელს.
რომელი ვიტამინები და მინერალებია სასარგებლო თმისთვის? ბიოტინი, რკინა, თუთია, ვიტამინი D, B ვიტამინები და C ვიტამინი მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის.
შეიძლება თუ არა თმის საღებავმა და ქიმიურმა დამუშავებამ გამოიწვიოს თმის ცვენა? დიახ, ხშირმა და არასწორმა ქიმიურმა დამუშავებამ შეიძლება დააზიანოს თმის ფოლიკულები და გამოიწვიოს თმის ცვენა.
როგორ დავიცვა თმა მზის მავნე სხივებისგან? გამოიყენეთ თავსაბურავი ან თმისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი სპრეი.
როგორ ხდება თმის ცვენის მიზეზის დიაგნოსტიკა? დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვას, ტრიქოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ანალიზებს (სისხლის ანალიზი, ბიოფსია).
არის თუ არა მტკივნეული დიაგნოსტიკური პროცედურები? უმეტესობა პროცედურები (ანამნეზი, ფიზიკური გასინჯვა, ტრიქოსკოპია, თმის გამოგლეჯვის ტესტი) არ არის მტკივნეული. ბიოფსიის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია.
რა კითხვებს დამისვამს ექიმი კონსულტაციის დროს? ექიმი თმის ცვენის დაწყების დროით, ხასიათით, თანმხლებ სიმპტომებით, თქვენი სამედიცინო ისტორიით, ცხოვრების წესით და სხვა ფაქტორებით.
რა ანალიზები შეიძლება დამჭირდეს თმის ცვენის მიზეზის დასადგენად? შესაძლოა დაინიშნოს სისხლის საერთო ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, რკინის, ვიტამინების და სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა.
რას გულისხმობს ტრიქოსკოპია? ეს არის სკალპისა და თმის მიკროსკოპული გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოს - ტრიქოსკოპის გამოყენებით, რაც გვეხმარება თმის სტრუქტურის, სკალპის მდგომარეობისა და თმის ფოლიკულების შეფასებაში.
რა მკურნალობის მეთოდები არსებობს თმის ცვენის დროს? არსებობს ადგილობრივი (მინოქსიდილი, კორტიკოსტეროიდები), სისტემური (ფინასტერიდი, ანტიანდროგენები), ინექციური (კორტიკოსტეროიდები, PRP), ქირურგიული (თმის გადანერგვა) და სხვა დამხმარე მეთოდები (ლაზერული თერაპია).
რამდენად ეფექტურია მინოქსიდილი? მინოქსიდილი ეფექტურია ზოგიერთი ტიპის თმის ცვენის დროს, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციის ადრეულ სტადიაზე.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატებს? გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატზე. მინოქსიდილმა შეიძლება გამოიწვიოს სკალპის გაღიზიანება, ხოლო ფინასტერიდს იშვიათად შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ფუნქციის დარღვევა.
რა არის თმის გადანერგვა და რამდენად ეფექტურია ის? ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები დონორი ზონიდან გადაინერგება გამელოტებულ უბნებში. ეფექტურია ანდროგენული ალოპეციის დროს.
არსებობს თუ არა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები თმის ცვენის დროს? ზოგიერთი ადამიანი იყენებს მცენარეულ საშუალებებს, მაგრამ მათი ეფექტურობა მეცნიერულად ნაკლებად არის დადასტურებული.
რა უნდა ვიცოდე მკურნალობის დაწყებამდე? მნიშვნელოვანია ექიმთან დეტალურად განიხილოთ მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები, რისკები და გვერდითი მოვლენები.
რამდენ ხანს გრძელდება თმის ცვენის მკურნალობა? მკურნალობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ზოგჯერ კი მუდმივი, განსაკუთრებით ქრონიკული ტიპის თმის ცვენის დროს.
რა მოლოდინები უნდა მქონდეს მკურნალობის შედეგთან დაკავშირებით? შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ცვენის ტიპზე, სტადიაზე და ორგანიზმის რეაქციაზე მკურნალობაზე.
რამდენად ხშირია ემოციური პრობლემები თმის ცვენის მქონე ადამიანებში? თმის ცვენა ხშირად იწვევს ემოციურ დისტრესს, განსაკუთრებით ქალებში.
სად შეიძლება მივიღო ფსიქოლოგიური დახმარება? შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს.
არსებობს თუ არა მხარდამჭერი ჯგუფები თმის ცვენის მქონე ადამიანებისთვის? დიახ, არსებობს ონლაინ და პირისპირ მხარდამჭერი ჯგუფები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და მიიღონ მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თმის ცვენის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.