მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 31 იანვარი, 2026
XXI საუკუნეში თმის ცვენის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. იქნება ეს ბუდობრივი, დიფუზური, ანდროგენული თუ ნაწიბუროვანი ალოპეციის სხვადასხვა ფორმა, თმის ცვენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ზოგიერთი მკვლევარი ამის მიზეზად გარემოს გაუარესებასა და დაბინძურებულ ეკოლოგიას მიიჩნევს, ზოგი არასწორ ცხოვრების წესსა და კვებას, ზოგი კი ენდოკრინული პათოლოგიების ზრდასა და გახშირებულ სტრესულ სიტუაციებს, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორად რჩება.
თმის ცვენის პრობლემები თანამედროვე დერმატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დერმატოლოგიურ და ესთეტიკური მედიცინის დაწესებულებებში პაციენტების დაახლოებით 8% სწორედ თმის ცვენის პათოლოგიებთან დაკავშირებული ჩივილებით მიმართავს. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ბევრი ადამიანი თმის ცვენას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს და სამედიცინო დახმარებას არ მიმართავს.
ტრიქოლოგია - მეცნიერება თმის შესახებ:
მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის თმიანი საფარის მდგომარეობას და თავის თმიანი არის დაავადებებს, ტრიქოლოგია ეწოდება. ეს შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც დერმატოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განშტოებას წარმოადგენს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თმის სტრუქტურის ცვლილება მნიშვნელოვანი მარკერია სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესებისთვის. დაგროვილი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ენდოკრინული სისტემის დარღვევების, მეტაბოლური და ტროფიკული პრობლემების, ისევე როგორც ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები შესაძლოა იყოს თმის რაოდენობის, ფერისა და სტრუქტურის ცვლილება. 300-ზე მეტ გენეტიკურ პათოლოგიას ახლავს თან თმის სხვადასხვა დარღვევა, რაც ხაზს უსვამს ამ დარღვევების შეფასების მნიშვნელობას პედიატრიულ დერმატოლოგიასა და გენეტიკაში პირველადი დიაგნოსტიკის ეტაპზე.
ტრიქოლოგიის საერთაშორისო და ქართული საზოგადოებები:
ტრიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო დარგი, 1902 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში. 1989 წელს დაარსდა ევროპის თმის კვლევის საზოგადოება (EHRS), გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებსა და თმის ტრანსპლანტოლოგებს. სწორედ EHRS-ის მიერ შემუშავებული გაიდლაინებით სარგებლობს დღეს მთელი მსოფლიო. ამ საზოგადოების წევრები არიან ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ჯერი შაპირო (აშშ), როლფ ჰოფმანი (გერმანია), როდნი სინკლერი (ავსტრალია), აბრაჰამ ზლოტოგორსკი (ისრაელი), დეზმონდ ტობინი (დიდი ბრიტანეთი) და სხვები. ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი ტრიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყოველწლიური მოვლენაა.
2013 წელს დაარსდა საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS), რომელიც მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს საქართველოში თმის ჯანმრთელობის სფეროს განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების ძირითადი ამოცანებია:
გააერთიანოს ტრიქოლოგიით დაინტერესებული მეცნიერები, ექიმები და მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტები, ხელი შეუწყოს მათ კოორდინირებულ საქმიანობას.
დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები თმის პრობლემების პრევენციისა და მკურნალობის სფეროში.
ხელი შეუწყოს სპეციალისტ-ტრიქოლოგთა პროფესიული დონის ამაღლებას ტრეინინგების, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, და უზრუნველყოს მათი ინფორმირება უახლესი მიღწევების შესახებ.
განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ინფორმაციის გაცვლა და დაამყაროს საქმიანი კონტაქტები უცხოეთის პროფილურ ორგანიზაციებთან.
მიიღოს მონაწილეობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში ტრიქოლოგიური მიმართულებით და ითანამშრომლოს შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
მოაწყოს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სემინარები, გამოფენები და სხვა შეხვედრები გამოცდილების გაზიარების მიზნით და უზრუნველყოს საინფორმაციო მასალების გამოცემა-გავრცელება.
უზრუნველყოს ასოციაციის წევრების ინფორმირება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას.
შეიმუშაოს პროექტები საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად.
ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევების ორგანიზებასა და ჩატარებას.
აქტიურად ჩართოს ახალგაზრდა სპეციალისტები აქტუალური საკითხების კვლევაში და ხელი შეუწყოს მათ სამეცნიერო განვითარებას.
მიიღოს მონაწილეობა ტრიქოლოგიური სასწავლო ლიტერატურის სრულყოფაში და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში.
ჩაერთოს ტრიქოლოგთა დიპლომისშემდგომ და უწყვეტ სამედიცინო განათლებაში, მათ ლიცენზირებასა და სერთიფიცირებაში.
მიიღოს მონაწილეობა ტრიქოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირებასა და აკრედიტაციაში.
დაამყაროს საქმიანი კავშირები სპეციფიური პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან.
გაუწიოს საქველმოქმედო პროფესიული კონსულტაციები თმის პრობლემების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენებს.
იზრუნოს პოპულარული საინფორმაციო რესურსების შექმნაზე პაციენტებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მისაღებად.
დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა მომიჯნავე პროფილის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და იზრუნოს თმის პრობლემების მქონე პაციენტებში სხვადასხვა თანმხლები დარღვევების გამოვლენასა და პროფილაქტიკაზე.
განსაზღვროს ახალი სპეციფიკური გამოკვლევების ნუსხა თანმხლები დარღვევების დროული გამოვლენისთვის.
დაიცვას ასოციაციის წევრების პროფესიული ინტერესები.
გამოსცეს სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები თემატური საკითხების გასაშუქებლად და უახლესი მიღწევების გასაცნობად.
განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თმის ჯანმრთელობის სფეროს განვითარებას საქართველოში, დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს თითოეული პაციენტისთვის კვალიფიციური და თანამედროვე მიდგომა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გავაუმჯობესოთ თმის პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხი.