მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 31 იანვარი, 2026
სკალპზე არსებული თმა, სხეულის სხვა არეებში არსებულ თმასთან შედარებით, ბევრად გრძელი იზრდება, რაც განპირობებლია მეტად ხანგრძლივი ანაგენური (ზრდის) ფაზით.
სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ადამიანების თმის ციკლი ასინქრონულია, თმის თითოეული ფოლიკულის ცვენის ფაზა სხვა, გარშემო მყოფი ფოლიკულებისგან დამოუკიდებლად მიმდინარებს. ამის შედეგად, ადამიანის სკალპი ინარჩუნებს თმის საკმაოდ თანაბარ სიმჭიდროვეს.
ჯანმრთელ სკალპზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია, რომელთაგან დაახლოებით 90% თმის ციკლის ანაგენურ (ზრდის) ფაზაშია. ეს ფაზა ტიპიურად 2-4 წელი გრძელდება. ამის შემდეგ თმები კატაგენურ ფაზაში გადადის (თმის ღერების 0.5-1%), რასაც შემდეგ მოჰყვება ტელოგენური ფაზა (თმის ღერების 10%). ტელოგენური ფაზა ძირითადად გრძელდება 3 თვის განმავლობაში, რის შემდეგადაც თმის ღერი ეგზოგენურ ფაზაში გადავა და დაცვივდება. ყოველდღიურად ცვივა დაახლოებით 50-150 თმის ღერი. შინაგანმა ან გარე ფაქტორებმა, რომლებიც არღვევენ თმის ნორმალურ ციკლს, შეიძლება გამოიწვიოს თმის ტელოგენური ცვენა.
პათოგენეზი
სხვადასხვა გარე და შინაგანმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ღერების დიდი რაოდენობის ერთდროული გადასვლა ანაგენის ფაზიდან ტელოგენურ ფაზაში. ეს გადასვლა იწყებს თმის ცვენის პროცესს, რომელიც ტელოგენური ფაზის დასრულების შემდეგ კლინიკურად აშკარა თმის ცვენით ვლინდება, რაც ხსნის იმ ფაქტს, რომ თმის ცვენა მატრიგერებელი მიზეზიდან ძირითადად 3 თვის შემდეგ იწყება.
თმის ტელოგენური ცვენის პოტენციური ტრიგერებია: ორსულობა, მედიკამენტები, მაღალი ცხელება, კვებითი დეფიციტები, სისტემური დაავადებები, როგორიცაა წითელი მგლურა, ასევე ძლიერი სტრესი და სკალპის ანთებით დაავადებები. სისტემური ინფექციები დამატებით მიზეზს წარმოადგენს; მაგალითად, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთა მეოთხედს მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში თმის ტელოგენური ცვენა განუვითარდა.
ქალების მნიშვნელოვან რაოდენობას აღენიშნება თმის ტელოგენური ცვენის ქრონიკული ფორმა, რომელსაც არ გააჩნია რაიმე აშკარა გამომწვევი მიზეზი.
კლინიკური ნიშნები და დიაგნოზი
თმიანი საფარის შეთხელება და ტერმინალური თმების დაკარგვა მოიცავს მთლიან სკალპს, ასევე შეიძლება შევნიშნოთ ცვენა სხეულის სხვა თმიან არეებში. ტრიქოგრამა გვაჩვენებს ტელოგენური თმების გაზრდილ რაოდენობას, 20%-ზე მეტი, რაც ადასტურებს ტელოგენური ცვენის დიაგნოზს.
ტელოგენური ცვენის ტრიქოსკოპიული ნიშნებია:
თმის ღერების სიმჭიდროვის დაქვეითება და ცარიელი ფოლიკულური ხვრელები
ისეთი ფოლიკულური ერითეულების მატება, საიდანაც მხოლოდ ერთი თმის ღერი ამოდის
პერიფოლიკულური კანის ფერის ცვლილება
ვერტიკალურად მზარდი ახალი თმის ღერები
სხვა პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი ნიშნების არარსებობა
როდესაც ცვენა გამოწვეულია წარსული მოვლენებით, როგორიცაა მძიმე ავადმყოფობა ან ორსულება, მოსალოდნელია თმიანი საფარის სრული აღდგენა.
თუ გამომწვევი მიზეზი კვლავ მიმდინარე პრობლემაა, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, მაშინ პირველ რიგში მისი მკურნალობა უნდა მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ტელოგენური ცვენა შესაძლოა გაგრძელდეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში, ის როგორც წესი, არ იწვევს გამელოტებას.
თუ ანამნეზის შეკრების და ფიზიკალური გასინჯვის შემდეგ, გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება, მიზანშეწონილია ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, შემოწმდეს რკინისა და ფერიტინის დონე სისხლში.
თმის ტელოგენური ცვენის პერსიტენტულ შემთხვევებში (თუ გრძელდება 6 თვეზე ხანგრძლივად), მიზანშეწონილია განმეორებითი ტრიქოსკოპია და ბიოფსია გვირგვინის არიდან, რათა გამოირიცხოს ანდროგენული ალოპეციის ადრეული ეტაპი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ანდროგენული ალოპეციის და ტელოგენური ცვენის თანხვედრა საკმაოდ ხშირია.
ჰისტოპათოლოგია
თმის ღერების ნორმალური რაოდენობა
ტერმინალური თმების ნორმალური რაოდენობა
ტელოგენური თმების გაზრდილი რაოდენობა - >20%. ტელოგენური თმების რაოდენობა იშვიათად სცდება 50%-ს; >80% არ არის თანხვედრაში ტელოგენურ ცვენასთან.
ანთების და ფიბროზის არარსებობა.
მკურნალობა
მწვავე ტელოგენური თმის ცვენა აღდგენადია მომდევნო 6 თვის განმავლობაში, თუ გამომწვევი მიზეზი აღარ არსებობს ან მოხდება მკურნალობა. მნიშვნელოვანია პოტენციური გამომწვევი ფაქტორების აღმოჩენა და ელიმინაცია (მაგ. რკინის ან სხვა ნუტრიციული დეფიციტი, სისტემური დაავადებები, ფსიქოლოგიური სტრესი). დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კვებით დანამატებს, განსაკუთრებით იმ შემთვევებში როდესაც ცვენა გამოწვეულია კვებითი დეფიციტით. ქრონიკულ შემთხვევებში შეიძლება განვიხილოთ პლაზმო-თერაპიის და ადგილობრივი მინოქსიდილის გამოყენება.